როგორ ვუმკურნალოთ ანდროგენეტიკურ ალოპეციას (მამაკაცურ სიმელოტეს)?
ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო პრეპარატები მათი მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
1. დიჰიდროტესტოსტერონის (დჰტ) ბლოკატორები – რომლებიც ახდენენ დჰტ–ის სინთეზის ბლოკირებას. ეს ჰორმონი აზიანებს თმის ფოლიკულს და არის მთავარი დამნაშავე ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარებაში. ამ ჯგუფის პრეპარატს მიეკუთვნება ფინასტერიდი (პროპეცია, პროსკარი). მისი მოქმედება მდგომარეობს ფერმენტ 5 ალფა–რედუქტაზას შეკავშირებაში, რომელიც მამაკაცის ჰორმონს – ტესტოსტერონს გარდაქმნის დიჰიდროტესტოსტერონად.
ფინასტერიდი ინიშნება 1 მგ დღეში ერთხელ. ეს პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი მოხმარებისათვის (12–24 თვე). მისი მიღების შეწყვეტიდან 9–12 თვეში დჰტ ისევ იწყებს დამაზიანებელ მოქმედებას თმის ფოლიკულებზე.
ქალებში რეპროდუქციულ ასაკში ეს პრეპარატი არ ინიშნება, მისმა უმცირესმა რაოდენობამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები.
პროპეციის მიმსგავსებული პრეპარატებია: ფინპეცია, ფინაქსი.
პროსკარის მიმსგავსებული პრეპარატებია: ფინკარი, ფინასტი, პროსტანი, პროსტერიდი, პენესტერი, ვერო–ფინასტერიდი, ალფინაპი.
2. ზრდის სტიმულატორები – რომელიც ახდენენ თმის დეგრადირებული ფოლიკულების აქტივიზაციას და ჯანმრთელი თმის ფოლიკულის განვითარებას. ამ ჯგუფის პრეპარატია მინოქსიდილი (როგაინი, რეგაინი). ამ ჯგუფის პრეპარატები ვერ აფერხებს თმის ფოლიკულების დაზიანებას. ეს პრეპარატები უმჯობესია დაინიშნოს იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფოლიკულის დაზიანებას.
ეს პრეპარატი არის გარეგანი მოხმარების, რომელიც გამოიყენება თავის მშრალ კანზე 2–ჯერ დღეში 2% ან 5% ხსნარის ან სპრეის სახით. ქალებში უფრო გამოიყენება 2% მინოქსიდილი. მისი მოქმედების დადებითი ეფექტი შეიმჩნევა 3–6 თვიდან.
მინოქსიდილი და ფინასტერიდი არის ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო ძირითადი პრეპარატები, რომელიც მოწოდებულია ამერიკის წამლებისა და კვების პროდუქტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
3. ანტიანდროგენები – იცავს თმის ფოლიკულის ანდროგენულ რეცეპტორებს დჰტ–ის დამაზიანებელი მოქმედებისაგან. ამ ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება სპირონოლაქტინი. ის ძლიერი ანტიანდროგენია. მისმა შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მისი გარეგანი მოქმედების დროს მცირდება დჰტ–ის რაოდენობა სკალპზე, წარმოიქმნება ესტროგენები, რომელიც ახდენს თმის ზრდის სტიმულირებას. ეფექტურია სპირონოლაქტონის 5% ხსნარის და 5% მინოქსიდილის ერთდროული დანიშვნა.
ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო სხვა პრეპარატებია:
ტრიკომინი, ფოლიგენი – ადგილობრივი მოქმედების, სპილენძის პეპტიდების შემცველი ნატურალური პრეპარატებია, რომლებიც ახდენენ თმის ზრდის სტიმულირებას, აქვეითებენ ფერმენტ 5 ალფა–რედუქტაზას აქტივობას. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ალოპეციის დროს მამაკაცებში, ქალებში და ბავშვებშიც;
დუტასტერიდი (ავოდარტი);
პრომოქსი;
Ell Granell Alfa (Pantostin);
პროცერინი – რომელიც არის ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან შედგენილი ახალი პრეპარატი. ახდენს დჰტ–ს ბლოკირებას. გამოიყენება მხოლოდ მამაკაცებში.
და ბოლოს:
ნიზორალის შამპუნი ფინასტერიდთან და მინოქსიდილთან ერთად შედის ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობის „ ტრიადაში“. ეს შამპუნი არის ქერტლის და სებორეული დერმატიტის სამკურნალო საშუალება. ის აგრეთვე ასტიმულირებს თმის ზრდას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო პრეპარატები, მათი გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, ინიშნება მხოლოდ სპეციალისტის მიერ!
2 Responses to “როგორ ვუმკურნალოთ ანდროგენეტიკურ ალოპეციას (მამაკაცურ სიმელოტეს)?”
January 21st, 2013 saat: 20:52
გამარჯობათ მაქვს თმის ტრანსპლანტაცია ორჯერ გაკეთებული შედეგით კმაყოფილი ვარ… მაგრამ თმის ცვენა ისევ გრძელდება (არა გადანერგილი თმის) გამოვიყენე მინოქსი 5% (8თვე) თმის ცვენა შეაჩერა მაგრამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში დამეწყო ჰაერის უკმარისობა დაღლილობა თავბრუს ხვევა გულის არეში ტკივილი (პრეპარატს ვიყენებდი იმ დოზით რაც იყო მითითებული) ამის შემდეგ შევწყვიტე გამოყენება თმის ცვენა კვალ დამეწყო …. მე ვარ სპორცმენი და ვერ მივიღებ ჰორმონალურ მედიკამენტებს (ფინასტერიდს პროპეციას და ას შემდეგ…) თუ შეგიძლიათ შემომთავაზოთ მკურნალობის ისეთი საშვალება რომელიც არის აპრობირებული და აღიარებული მსოფილოს მაშტაბით და არქონდეს უკუჩვენებები როგორიც აქვს ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს?. ასევე ვიცი რომ მარსებობს ლაზერით თმის ფოლიკულის სტიმულაცია თქვენ თუ მკურნალობთ ამ მეთოდით და რამდენად ეფექტურია ? გთხოვთ მომწეროთ …
January 22nd, 2013 saat: 15:09
თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, არსებული (არაგადანერგილი) თმის შესანარჩუნებლად ჩვენ ვიყენებთ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს(მათ შორის ლაზერულ თერაპიას)..
ლაზერული თერაპია არის თმის ცვენის მკურნალობის ერთ–ერთი ეფექტური მეთოდი.
მკურნალობის შემანარჩუნებელი მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ექიმი ტრანსპლანტოლოგის მიერ, კონსულტაციაზე.